Friday, December 20, 2019

ტრადიციული დღესასწაულები საქართველოში


ახალი წლის ტრადიცია საქართველოში

ახალი წლის ტრადიცია საქართველოში მრავალფეროვანია და ქვეყნის ყოველი კუთხე განსხვავებულად აღნიშნავს მას. ადგილობრივები საახალწლო სამზადისს ორი ან ერთი თვით ადრე იწყებენ, რომ ახალი წლის ღამე ჯადოსნურად აღნიშნონ. და, თუ თქვენ ჯერ ისევ არ იცით სად გაატაროთ ახალი წელი ზღაპრულად, გაეცანით ჩვენს სტატიას, სადაც ბევრ სასარგებლო ინფორმაციას მიიღებთ.
ქართული კერძები, ტრადიცია, გართობა, ზეიმი, მხიარულება მეგობრებისა თუ ოჯახის წევრების წრეში  და ახალი წლის ღამეს მეტი არც არაფერი სჭირდება იდეალურობისთვის.
ასე რომ, ჩვენ მზად ვართ გიამბოთ მეტი თუ როგორ აღინიშნება ახალი წლის დაუვიწყარი ღამე საქართველოში.
წლის ბოლო და ყველაზე „ფერადი“ თვე, დეკემბერი, საახალწლო დეკორაციებში მორთული ქალაქით ხვდება ახალ წელს. ყველა საახალწლო სამზადისში ერთვება და თვალებანთებულები  ახალ წელს ელიან. დეკემბერში საახალწლო ღონისძიებები, დღესასწაულები და გართობის უამრავი საშუალება ერთად იყრის თავს, რომ წლის ბოლო ბედნიერად დასრულდეს.

საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ახალ წელს ოჯახის წევრების და მეგობრების გარემოცვაში ხვდება. ამიტომ, ქართველებისთვის მნიშვნელოვანია ახალი წლის სუფრა იდეალურად გამოიყურებოდეს, იყოს ტრადიციული კერძებით და ტკბილეულით გაწყობილი.
იცით მაინც რას გულისხმობს ნამდვილი წინა საახალწლო სამზადისი? საახალწლო საჩუქრების მომზადებას, პროდუქტების შეძენას, ქალაქში დიდ საცობებსა და გრძელ რიგებში პურის შესაძენად საათობით დგომას, და სიხარულით გაწყობილ საახალწლო სუფრას.

31 დეკემბერი

ახალი წლის წინა დღეს ყველა ემზადება და საახალწლო სუფრაც იშლება. სუფრა გამორჩეულია, რადგან ის ძირითადად ტრადიციულად არის გაწყობილი. გოზინაყი, რომელიც სპეციალურად ახალი წლისთვის მზადდება ქართველების საყვარელი ტკბილეულია. ისეთი ტრადიციული კერძები და ტკბილეული,როგორიც არის საცივი, ხაჭაპური, ჩურჩხელა და გოზინაყი აუცილებელი ელემენტია საახალწლო სუფრისთვის.
როგორც კი, სუფრა მზად არის და საახალწლო ღონისძიებები იწყება, ახალი წლის დადგომის სურვილიც სულ უფრო და უფრო იზრდება. ხოლო, როდესაც საათი თორმეტს ჩამოკრავს ყველა ერთმანეთს ულოცავს ახალი წლის შემობრძანებას.


2 იანვარი  - ბედობა

2 იანვარი საქართველოში ბედობის დღეა. ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს როგორც გაატარებ მთელი წელი ისე დაგებედება. ამიტომაც, ყველა ცდილობს ბედნიერება, სიხარული და სიმშვიდე დაიბედოს. დღის მთავარი გმირი კი არის „მეკვლე“, პირველი ადამიანი რომელიც სტუმრობს ოჯახს 2 იანვარს. ამბობენ, მეკვლეს დიდი მნიშვნელობა აქვს თუ ვინ იქნება ქართულ ტრადიციულ ოჯახში. მეკვლეც და მასპინძელიც ერთად იბედებს ბედნიერებას და აღნიშნავს ახალ წელს.ძველით ახალი წლის ტრადიცია საქართველოში წლებია არსებობს. ძველით ახალ წელს საქართველოში 14 იანვარს აღნიშნავენ, თუმცა 1 იანვართან შედარებით ნაკლებად ემზადებიან ამ დღისთვის. ქართველები, ძველ წელს 14 იანვარს აღნიშვნით აუცილებელ და ახალ წელს ხვდებიან ახალი შემართებით.
საქართველო სხვა დანარჩენი ქვეყნებისგან განსხვავებული ტრადიციითა და საახალწლო სამზადისით გამოირჩევა.
როგორც ამბობენ, ახალი წლის ღამეს სასწაულები ხდებაო. ამიტომაც, გვჯერა, რომ ახალი წლის ღამეს ჩაფიქრებული ოცნებები აუცილებლად აგისრულდებათ!




 ქრისტეს შობა 


დიდხანს ელოდა ადამიანი მაცხოვრის გამოჩენას. ელოდა იმ დღიდან, როცა სამოთხიდან განდევნილებს იმედად გამოაყოლათ ღმერთმა:
- მოგივლენთო მხსნელს და გაუსრესსო გველს თავს.
მშობლიურ გარემოს მოცილებულნი სევდითა და სასოებით ელოდნენ. მაგრამ ცოდვებით დღითი-დღე დამძიმებულნი სულ უფრო და უფრო ეშვებოდნენ ქვესკნელისკენ.
ისევ შემოქმედმა შეაშველა ხელი. წაღმა შემოატრიალა ეშმაკის მიერ უკუღმა დატრიალებული ცხოვრების ჩარხი და იწყო ათვლა ახალმა წელთაღრიცხვამ მიწიდან ცისკენ. და დაედო ამ წელთაღრიცხვას საძირკვლად ქრისტეს შობა.
ჩუმად თავისთვის ამობრწყინდა ცაზე უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავი. მაგრამ ვისთვისაც ამობრწყინდა, ვერ გულისხმაჰყვეს. არც აუწევიათ თავი ცისკენ. იყვნენ ამქვეყნიურ ორომტრიალში ჩაფლულნი. შორს აღმოსავლეთში კი მოგვებმა მაშინვე შეამჩნიეს იგი და ისწრაფეს კიდეც მისკენ.გარშემო კი დუღდა და ჩქეფდა ცხოვრება. დიდებულ პალატებში, სრა-სასახლეებში რბილ, ფაფულ ხალიჩებზე დააბიჯებდნენ ამა ქვეყნის მესვეურნი. ის კი, მაცხოვარი, განხორციელებული სიტყვა, იესო ქრისტე, უფალი ჩვენი ჩვეულებრივი ჩვილი ბავშვივით იწვა ცხოველთათვის განკუთვნილ ბაგაში და ადამიანებს შობისთანავე უმხელდა უდიდეს საიდუმლოს: სიმდაბლეშიაო ადამიანის დიდება. ამქვეყნიური ყოფა და ფუფუნება კი არ განსაზღვრავსო ადამიანის პიროვნებას, არამედ ის, რაც მის შიგნითაა, მისი შინაგანი სამყაროთი წარმოჩინდებაო იგი. ასე ასწავლიდა მორჩილებითა და თავმდაბლობით გადარჩებაო ადამიანი. ამ სიბრძნისგან კი შორს იდგნენ ადამიანები. ამიტომაც იყო ერთი, უბრალო, ღარიბული ქოხიც კი არ აღმოჩნდა, რომ შეეფარებინა უფალი, უფალი, რომლის შობასაც ასე უგალობეს ანგელოზებმა:
- დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.
და იშვა იესო, ბეთლემს, გამოქვაბულში, სადაც უამინდობისას მწყემსები საქონელს აფარებდნენ.
„ქალწული შობს დღეს მაცხოვარს“ - გალობს წმიდა ეკლესია და ურწმუნოთათვის ალბათ დაცინვის საბაბიც ხდება ეს:
- როგორ დღეს?! განა ორი ათასი წლის წინ არ იშვა?!
საერთოდ საეკლესიო დღესასწაულები საეროსგან სწორედ იმით განსხვავდება, რომ ისინი ყოველწლიურად ისეთივე სიკაშკაშით გამოირჩევიან, როგორც პირველშობისას. სულ სხვაა საერო დღესასწაულები. რამდენი ღირსშესანიშნავი თარიღი შემოუნახავს კაცობრიობის ისტორიას, დროთა მსვლელობაში რომ გაფერმკრთალებულან, ფერი უცვლიათ. საეკლესიო დღესასწაულთა განცდა კი მორწმუნეთა გულებში კვლავ ინარჩუნებს პირვანდელ ბრწყინვალებას.
წელსაც მოაწია ქრისტეს შობამ. მწყემსების მსგავსად ვისწრაფოთ მისკენ. უარვყოთ ჰეროდესეული მტრობა მისდამი. მერე რა რომ ცოდვებით დამძიმებულნი ვართ, შებილწულნი. განა ცხოველთა ბაგა იუკადრისა ღმერთმა?! ნუ შევშინდებით. იმედი ვიქონიოთ. ღმერთი არ გაგვწირავს. შემოვუშვათ ჩვენს გულში ქრისტე და იგი განგვიწმენდს გონებას, გაგვიხსნის ყურთასმენას და კვლავ გავიგონებთ ანგელოსთა გალობას: დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ამინ!
ყველას გილოცავთ ქრისტეს შობას!






აღდგომა
ქრისტიანთა უმთავრესი რელიგიური დღესასწაული — ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა, მიუხედავად იმისა, რომ მოძრავია, ყოველთვის გაზაფხულს ემთხვევა. საქართველოში აღდგომა განსაკუთრებული ზარზეიმით აღინიშნება.
აღდგომა — უმთავრესი დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის. ამ დღეს ქრისტე მკვდრეთით აღდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო ადამიანთათვის სამოთხის ბჭე. ადამის მოდგმის მხსნელად მოვლენილმა მაცხოვარმა გოლგოთას მთაზე ჯვართან ერთად კაცობრიობის ცოდვა ზიდა. ამ დღეს ღამის 00:00 საათიდან საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა–ლოცვა იწყება, რომელიც დილამდე გრძელდება.  ქრისტიანები ერთმანეთს სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღეს ულოცავენ სიტყვებით „ქრისტე აღდგა! — ჭეშმარიტად აღდგა!“ ამ დღეს ყველა ოჯახში სადღესასწაულო სუფრა იშლება და ყველა სახლის კარი ღიაა სტუმრისთვის. ადამიანები უდიდესი სიხარულით აღნიშნავენ მაცხოვრის აღდგომას. მომდევნო დღეს, ორშაბათს საქართველოში საფლავებზე გასვლა, გარდაცვლილების მოხსენიება და საფლავზე წითელი კვერცხების გადაგორებაა მიღებული. აღდგომის კვირისთავი, ანუ მომდევნო კვირა დღე, ხალხური რწმენით, ყველაზე ბედნიერად მიიჩნევა ჯვრისწერისთვის. 
მაგალითად, ყაზბეგში, სოფელ სნოში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის სამშობლოში ამ დღეს ახალგაზრდა ვაჟთა მშვილდ-ისრებიანი ჯგუფი იკრიბებოდა, რომელსაც სოფლისთვის პატივსაცემი უფროსი ასაკის მამაკაცი ხელმძღვანელობდა. ჯგუფი მთელ სოფელს მოივლიდა და აუცილებლად სოფლის მცხოვრებთა ყველა ეზოში შევიდოდა. ჭიშკართან ჯგუფის უფროსი ხმამაღლა იძახდა „ქრისტე აღდგა!“ რასაც ახალგაზრდები ჩვეული ქრისტიანული წესით ერთდროულად პასუხობდნენ — „ჭეშმარიტად!“ მოსულთ ოჯახის წევრებიც გამოეგებებოდნენ პასუხით „ჭეშმარიტად! ჭეშმარიტად! შეგეწიასთ იმისი მადლი თქვენცა და მთელს თქვენს ხევსა!“ ამის შემდეგ ოჯახის დიასახლისს შესაწირი გამოჰქონდა — წინასწარ შეღებილი სააღდგომო კვერცხი, რომელსაც ეზოს შუაგულში მწკრივად აწყობდნენ ოჯახის წევრთა სადღეგრძელოდ და ხმამაღლა იძახდნენ, ვის სახელზეც იდებოდა კვერცხი. პირველ შესაწირს მოხევეები ოჯახიდან შორს მყოფთათვის და მოგზაურთა სადღეგრძელოდ დებდნენ. მწკრივში დალაგებულ კვერცხს ახალგაზრდები, უფროსის მიერ დადგენილი რიგის მიხედვით, მონაცვლეობით ესროდნენ ისრებს, მანამ, სანამ ყველა მათგანს არ მოხვდებოდა ისარი. ბედნიერად ითვლებოდა ის, ვის სახელზე დადებული კვერცხიც პირველად გატყდებოდა. ხშირად შესაწირში კვერცხთან ერთად მოხევეები სხვადასხვა საჭმელს და ფულსაც დებდნენ. დღის ბოლოს მოგროვილით საერთო საზეიმო ტრაპეზი იმართებოდა, ფული კი აუცილებლად სოფლის სასარგებლო საქმეს ხმარდებოდა.






No comments:

Post a Comment